logo
ENG



რუსეთში, "საარჩევნო პროცესის ხელის შეშლის" მუხლით, 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

17 მარ 202411:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/17/pt00zivv9vk0vm7.jpg

რუსეთში, "საარჩევნო პროცესის ხელის შეშლის" მუხლით, სულ მცირე, 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Novaya Gazeta Europe ავრცელებს.

როგორც გამოცემა რეგიონული საგამოძიებო კომიტეტების ანგარიშებზე დაყრდნობით წერს, საუბარია ინციდენტებზე, რომელიც საარჩევნო ყუთების საღებავით შევსების მცდელობას, საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდებას, საღებავით ბიულეტენების დაზიანებას და სხვა შემთხვევებს უკავშირდება.

Novaya Gazeta Europe-ის ცნობით, დააკავეს თითქმის ყველა, ვინც ბიულეტენების გაფუჭებას ცდილობდა.

"საარჩევნო პროცესის ხელის შეშლის" მუხლით, საქმე აღიძრა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვორონეჟში, ივანოვოსა და კოგალიმში, სოჭში, ველიკი ნოვგოროდსა და სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში. აღნიშნული მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო - ხმის მიცემა 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი მოქმედებს, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი.

არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს და მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს. პუტინის კონკურენტებმა უარი თქვეს თავიანთ კამპანიაში საჯაროდ გაეკრიტიკებინათ მოქმედი პრეზიდენტი. ამასთან, რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.


close დახურვა